როგორ მოვარგოთ CV ვაკანსიას
მორგებული CV ზუსტად იმას აჩვენებს, რასაც ეს დამსაქმებელი ეძებს: ვაკანსიის მოთხოვნებს შენი რეალური გამოცდილებით პასუხობს, მისივე სიტყვებით. ასეთი CV-ს ATS-იც და HR-იც ბევრად უფრო ხშირად არჩევს, ვიდრე ერთ ზოგად CV-ს, რომელიც ყველა ვაკანსიაზე იგზავნება.
რას ნიშნავს CV-ს მორგება
CV-ს მორგება ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე CV-ს ყველა ვაკანსიაზე კი არ აგზავნი, არამედ ყოველ ჯერზე ისე აწყობ, რომ პირველივე სტრიქონებიდან ჩანდეს ის, რასაც ეს დამსაქმებელი ეძებს.
ეს არ ნიშნავს ახალი გამოცდილების მოგონებას. შენი გამოცდილება იგივე რჩება. იცვლება სამი რამ:
- რა ჩანს პირველად: ვაკანსიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და უნარები წინ მოდის.
- რა სიტყვებით: იმავე ტერმინებს იყენებ, რომლებიც ვაკანსიაშია (თუ მართლა გაქვს ეს გამოცდილება).
- რა იშლება: რაც ამ სამსახურისთვის საჭირო არ არის, მოკლდება ან საერთოდ ამოიღება.
რატომ არ მუშაობს ერთი CV ყველა ვაკანსიაზე
დიდი კომპანიების უმეტესობა განაცხადებს ATS-ით (Applicant Tracking System) იღებს. ეს პროგრამა CV-ს ადამიანზე ადრე კითხულობს და ვაკანსიის სიტყვებს ეძებს. თუ ვერ იპოვა, CV შეიძლება HR-მდე ვერც მივიდეს. დაწვრილებით: რა არის ATS.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლისა და Accenture-ის კვლევაში დამსაქმებლების 88%-მა თქვა, რომ მათი სისტემა შესაფერის კანდიდატებსაც კი გამორიცხავს, თუ CV ვაკანსიას ზუსტად არ ემთხვევა (წყარო).
ადამიანიც იგივეს აკეთებს, უბრალოდ უფრო სწრაფად: HR ათობით CV-ს ათვალიერებს და პირველ რამდენიმე წამში წყვეტს, ღირს თუ არა წაკითხვა. ზოგადი CV, რომელშიც საჭირო გამოცდილება მესამე გვერდზე ან მეოთხე პუნქტშია, ამ წამებში ვერ ჩანს.
6 ნაბიჯი: როგორ მოვარგოთ CV ვაკანსიას
1. წაიკითხე ვაკანსია და ამოწერე მოთხოვნები
ვაკანსიიდან ცალკე ჩამოწერე ყველა მოთხოვნა: გამოცდილება, უნარები, პროგრამები, ენები, განათლება. ყურადღება მიაქციე, რა წერია პირველად და რა მეორდება რამდენჯერმე: ეს, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანია. „სასურველი“ მოთხოვნები ცალკე აღნიშნე.
2. შეადარე მოთხოვნები შენს გამოცდილებას
თითოეულ მოთხოვნასთან მიუწერე, სად გაქვს ეს გამოცდილება: რომელ სამსახურში, რა გააკეთე და რა შედეგით. სამი შედეგი გამოვა:
- გაქვს და CV-ში წერია. კარგია, ოღონდ შეამოწმე, საკმარისად ჩანს თუ არა.
- გაქვს, მაგრამ CV-ში არ წერია. ეს ყველაზე ხშირი შემთხვევაა და ყველაზე მტკივნეულიც. დაამატე.
- არ გაქვს. ნუ მოიგონებ. თუ მსგავსი გამოცდილება გაქვს, აღწერე ის პატიოსნად.
3. შეცვალე სათაური და მოკლე შეჯამება
CV-ის ზედა ნაწილს ყველაზე მეტად კითხულობენ. სათაური (მაგალითად, „მარკეტინგის მენეჯერი“) ვაკანსიის დასახელებას მიუახლოვე, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება. მოკლე შეჯამებაში (2-3 წინადადება) ის გამოცდილება ჩაწერე, რომელიც ამ ვაკანსიის მთავარ მოთხოვნებს პასუხობს.
4. დაალაგე გამოცდილება: საჭირო წინ, დანარჩენი შეამოკლე
თითოეულ სამსახურში ის პუნქტები გადაიტანე ზემოთ, რომლებიც ვაკანსიას ეხება. დანარჩენი შეამოკლე ან ამოიღე. ძველი ან სულ სხვა სფეროს სამსახური ერთ პუნქტადაც საკმარისია. ასე CV ხშირად ერთ გვერდზე თავისით ეტევა.
5. გამოიყენე ვაკანსიის სიტყვები, მაგრამ მხოლოდ სიმართლისთვის
თუ ვაკანსიაში წერია „Google Ads“, CV-შიც „Google Ads“ ჩაწერე და არა „ონლაინ რეკლამა“. თუ ვაკანსია „მომხმარებელს“ ამბობს, შენც „მომხმარებელი“ თქვი და არა „კლიენტი“. ATS ზუსტ სიტყვებს ეძებს, HR კი თვალით ეძებს ნაცნობ ტერმინებს. ოღონდ სიტყვა მხოლოდ იქ ჩაწერე, სადაც მართლა გაქვს ეს გამოცდილება.
6. შეამოწმე და შეინახე PDF-ად
წაიკითხე ბოლომდე: თარიღები, კომპანიების სახელები, მართლწერა. ფაილს მიეცი გასაგები სახელი (მაგალითად, Ana_Kapanadze_CV.pdf) და გაგზავნე PDF-ად, თუ ვაკანსია სხვა ფორმატს არ ითხოვს.
მაგალითი: ერთი გამოცდილება, ორი ვაკანსია
ანა მარკეტინგის მენეჯერია. მისი გამოცდილება ერთია, მაგრამ ორ სხვადასხვა ვაკანსიაზე CV სხვადასხვანაირად იწყება. სრული ვერსიები იხილე CV-ის ნიმუშებში.
| ვაკანსია 1: Performance მარკეტინგის მენეჯერი | ვაკანსია 2: SMM მენეჯერი | |
|---|---|---|
| ვაკანსია ითხოვს | Google Ads, Meta Ads, ბიუჯეტის მართვა, GA4 | კონტენტ-გეგმა, სოციალური მედია, ვიდეო |
| სათაური | Performance მარკეტინგის მენეჯერი | SMM და კონტენტ მარკეტინგის მენეჯერი |
| პირველი პუნქტი | ვმართავ Meta Ads და Google Ads კამპანიებს 15 000 ₾ თვიური ბიუჯეტით. | ვადგენდი სოციალური მედიის ყოველთვიურ კონტენტ-გეგმას. |
| წინ წამოწეული | ონლაინ გაყიდვები 40%-ით გავზარდე. | YouTube არხი „კადრი“: 12 000 გამომწერი ორ წელიწადში. |
| შემოკლებული | YouTube არხი | ბიუჯეტის დეტალები |
ორივე CV სიმართლეს ამბობს. უბრალოდ თითოეული იმ ვაკანსიას პასუხობს, რომელზეც იგზავნება.
რა არ უნდა გააკეთო მორგებისას
- არ მოიგონო გამოცდილება. გასაუბრებაზე ან სამსახურის პირველ კვირაში ყველაფერი გამოჩნდება.
- ნუ ჩაყრი სიტყვებს უაზროდ. ვაკანსიის სიტყვების გრძელი სია CV-ის ბოლოში ATS-საც აბნევს და HR-საც აღიზიანებს.
- ნუ გადააკოპირებ ვაკანსიის წინადადებებს. სიტყვები აიღე, წინადადებები შენი დაწერე, შენი რეალური შედეგებით.
- ნუ შეცვლი თარიღებს და თანამდებობებს. მორგება შინაარსის დალაგებაა და არა ფაქტების შეცვლა.
რამდენი დრო სჭირდება და როგორ დავზოგოთ
CV-ის ხელით კარგად მორგებას ერთ ვაკანსიაზე 30-60 წუთი სჭირდება. თუ კვირაში რამდენიმე ვაკანსიაზე აგზავნი, ეს სწრაფად დამღლელი ხდება და ბევრი ისევ ერთსა და იმავე CV-ს უბრუნდება.
ვაილო ამ ნაბიჯებს შენთვის აკეთებს. ერთხელ ატვირთავ შენს CV-ს, შემდეგ კი ყოველ ჯერზე მხოლოდ ვაკანსიას ჩასვამ (ბმულს, ტექსტს ან სქრინშოთს). ვაილო მოთხოვნებს შენს გამოცდილებას შეადარებს, საჭიროს წინ წამოწევს და თუ რამე აკლია, გკითხავს, მაგალითად: „Meta Ads-ში გიმუშავია?“. არაფერს იგონებს. ბოლოს ყველა სტრიქონს შენ ამოწმებ და CV-ს PDF-ად იღებ, საჭიროების შემთხვევაში სამოტივაციო წერილთან ერთად.
შეიძლება ესეც გაინტერესებს
CV-ს მორგება ტყუილი ხომ არ არის?
არა. მორგებისას მხოლოდ იმას ირჩევ და წინ წამოწევ, რაც მართლა გააკეთე, და ვაკანსიის სიტყვებით წერ. ის, რაც არ გაგიკეთებია, CV-ში არ უნდა ჩაწერო: გასაუბრებაზე თითოეულ პუნქტზე გკითხავენ.
ყველა ვაკანსიაზე უნდა მოვარგო CV?
იმ ვაკანსიებზე, რომლებიც მართლა გაინტერესებს, კი. ხშირად საკმარისია სათაურის, მოკლე შეჯამების და პირველი რამდენიმე პუნქტის შეცვლა, რასაც 10-15 წუთი სჭირდება, ვაილოში კი რამდენიმე წუთი.
როგორ გავიგო, რა უნდა შევცვალო CV-ში?
ამოწერე ვაკანსიის მოთხოვნები და თითოეულს შენი გამოცდილებიდან მაგალითი მოუძებნე. ვაილოს უფასო შემოწმება პირველ ნაბიჯში დაგეხმარება: აჩვენებს, თითოეული მოთხოვნის საკვანძო სიტყვები CV-ში თუ წერია და რომელი აკლია.